პოლონეთის ქალაქ შჩეცინში დასრულდა მსოფლიო თასის გათამაშება ტყვიის სროლაში პარასპორტსმენებს შორის. 
საქართველოდან, შეჯიბრებაზე ლადო ჭინჭარაულმა იასპარეზა და საკმაოდ კარგი შედეგებიც აჩვენა. ლადო ორ დისციპლინაში: R4-ში და R5-ში გამოვიდა და თავისი შედეგები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
პნევმატული შაშხანით 10-იანი მანძილზე R4-ში ქართველმა პარასპორტსმენმა ამჯერად 619.1 ქულა დააგროვა, აქამდე მისი საუკეთესო მაჩვენებელი 610.7 ქულა იყო. ლადო აღნიშნულ დისციპლინაში საკვალიფიკაციო შედეგს, მხოლოდ 0.9 ქულით ჩამორჩა.
R5-ში კი ლადომ თავისი ძველი შედეგი 15.2 ქულით გააუმჯობესა და 630.7 ქულა დააგროვა. ამ მაჩვენებლით, ჭინჭარაულმა საკვალიფიკაციო შედეგზე 2.7 ქულით მეტი აჩვენა.
ლადო ჭინჭარაულთან ერთად, მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ლევან ოდიშარიაც იმყოფება. ქართული დელეგაცია, პოლონეთიდან გერმანიის ქალაქ ჰანოვერში გადაინაცვლებს, სადაც კიდევ ერთ მსოფლიო თასზე მიიღებს მონაწილეობას.