ოლიმპიური თამაშების გახსნის თარიღი - 2021 წლის 23 ივლისი, ნებისმიერ შემთხვევაში ხელუხლებელი დარჩება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ხელმძღვანელობამ ონლაინ-კონფერენციისას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის სამზადისთან დაკავშირებით საქმის კურში ჩააყენა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრის მონაწილეებისთვის მიმართვისას, IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა შეშფოთება გამოთქვა კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობით, რომელმაც გავლენა იქონია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე, მათ შორის - სპორტზე. ამასთან დაკავშირებით ბახმა ყველას ერთიანობისა და სოლიდარობისკენ მოუწოდა, სპორტსმენები კი დააიმედა, რომ თამაშები აუცილებლად გაიმართება.

ამასთან, IOC-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პანდემიის დროს ოლიმპიური მოძრაობა უფრო მტკიცე გახდა და შექმნილი მდგომარეობიდან ყველა ცდილობს მოძებნოს ოპტიმალური გამოსავალი. მან ასევე უპასუხა შეკითხვებს, რომლებიც სწორედ მომავალ თამაშებს, სალიცენზიო შეჯიბრებებს, ახალ რეგულაციებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს უკავშირდებოდა.

თომას ბახის თქმით, იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრი იოსიჰიდე სუგა წარმატებული და უსაფრთხო თამაშების კურსის ერთგული რჩება.

ირკვევა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში და შესაძლო შემდგომი გართულებების გათვალისწინებით, მუშაობა მიმდინარეობს ოთხი სცენარის შესამუშავებლად.  თომას ბახი აცხადებს, რომ თამაშების გახსნის თარიღი - 2021 წლის 23 ივლისი ნებისმიერ შემთხვევაში ხელუხლებელი დარჩება.