ტოკიოს ოლიმპიურ მუზეუმში ოლიმპიური ცეცხლი გამოიფინება

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი ტოკიოს XXXII ოლიმპიური თამაშების ცეცხლს 1 სექტემბრიდან ტოკიოს ოლიმპიურ მუზეუმში გამოფენს.

მუზეუმში გამოფენილია იაპონიაში აქამდე ჩატარებული სამივე ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი - ტოკიო-1964, საპორო-1972 და ნაგანო-1998.

მუზეუმში ოლიმპიური ცეცხლის  ხილვის მსურველებმა წინასწარ უნდა დაჯავშნონ ბილეთები. კორონავირუსით დაავადების რისკის შესამცირებლად, მუზეუმის დამთვალიერებელთა რიცხვი 30 წუთში 60 კაცამდეა შეზღუდული.

ტოკიო-2020-ის განცხადებით, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის პირვანდელი გრაფიკი შენარჩუნდება. ოლიმპიური თამაშების ცეცხლი იაპონიაში მოგზაურობას შეუდგება გაისად, 25 მარტს, ფუკუშიმას საფეხბურთო ცენტრ J-Village-დან. ესტაფეტა 121 დღეს გაგრძელდება და ამ ხნის განმავლობაში ეწვევა ქვეყნის ყველა 47 პრეფექტურას, 23 ივლისს კი ოლიმპიური თამაშების დედაქალაქში შეაბიჯებს, სადაც თამაშების გახსნის ცერემონიაზე ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე ფიალაში ააგიზგიზებენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო XXXII ოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადავადდა.